ახალი ამბები
რუსეთის დუმამ "აფხაზეთთან ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარების შესახებ შეთანხმების" რატიფიცირება მოახდინა
14 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე დუმამ "რუსეთსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების" რატიფიცირება მოახდინა, წერს აფხაზური ინტერნეტ - გამოცემა "აფსადგილ ინფო".

ამავე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი სანქტ-პეტერბურგში 2022 წლის 29 ივნისს მოეწერა, ხოლო 2023 წლის 25 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ის რატიფიკაციისთვის პარლამენტის ქვედა პალატაში შეიტანა.

შეთანხმების თანახმად, "მხარეები ორმხრივად აღიარებენ და აღასრულებენ სასამართლოების და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟების გადაწყვეტილებებს ბიზნესისა და სხვა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად წარმოქმნილ დავებს".

რუსეთის ფედერაციის მთავრობა მიუთითებს, რომ "შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს რუსეთ-აფხაზური თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის გაძლიერებას ბიზნეს და სხვა ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეთა სამართლებრივი დახმარების გაწევის სფეროში", ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.


Print