ახალი ამბები
წითელი ჯვარი უგზო - უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებას აგრძელებს - საკოორდინაციო მექანიზმის მორიგი შეხვედრა ბელგრადში
"მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 520 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 215 ამოცნობილია და ოჯახებს ღირსეულად დასაკრძალად გადაეცა", - ამის შესახებ კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანმა, ანიეს ქოთუმ განაცხადა. 

წითელის ჯვრის, როგორც ნეიტრალური შუამავლის თავმჯდომარეობით გამართული საკოორდინაციო მექანიზმის მე-14 შეხვედრა, რომელსაც ქართველი და აფხაზი მონაწილეები ესწრებოდნენ, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მისი მიზანი 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში 1 941 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიებაა.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს შესაძლებელი გახდა "ამ მკაცრად ჰუმანიტარული პროცესის ყველა მონაწილის თავდადების, ასევე, იმ ადგილობრივი ექსპერტების მზარდი ჩართულობის წყალობით, რომელთა უნარ ჩვევები და ცოდნა სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დარგში საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება. 

1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით გაუჩინარებული ადამიანების ადგილსამყოფელის გარკვევაში მიღწეული წინსვლის გარდა, ყურადღება გამახვილდა შესაძლო სამარხების შესახებ ინფორმაციის მოძიების აუცილებლობასა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. მონაწილეები შეთანხმდნენ პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე, რათა უფრო მეტი ძალისხმევით შეგროვდეს და გაიცვალოს ინფორმაცია და შესაბამისად, უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს პროცესი. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC - ის ეგიდით.

Print