ახალი ამბები
ბადრი ესებუას საქმეზე დღეს ავთანდილ გალდავა დაიკითხება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი ავთანდილ გალდავა დღეს ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესზე დაიკითხება. ის პროცესზე პროკურატურის მოწმეა. სწორედ გალდავამ მიუტანა ნახევარი მილიონი დოლარი ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის დროს შეიარაღებულ დამნაშავეს, შემდეგ კი თავდამსხმელმა ის სამ სხვა მძევალთან ერთად ტყეში დატოვა.

ამ ეტაპზე ავთანდილ გალდავა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსია.

ბანკზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე უკვე დაიკითხა რამდენიმე ათეული მოწმე.

ექსპერტის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ბანკზე თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სკამიდან, ასევე, ავტომობილიდან, რომლითაც თავდასხმელი ბანკში მივიდა და მანქანიდან, რომლითაც ბანკი დატოვა, აღებული სუნის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ბადრი ესებუას სუნის ნიმუშებთან.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ის ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე: 

ბადრი ესებუა ავთო გალდავას - მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება

ბადრი ესებუას საქმეზე დღეს ავთანდილ გალდავა დაიკითხება
Print