ახალი ამბები
მოსკოვმა და სოხუმმა "უშიშროების საბჭოების" აპარატებს შორის თანამშრომლობის გეგმა შეათანხმეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" მდივანი სერგეი შამბა მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა, ინფორმაციას "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედია ცენტრი" ავრცელებს.

ამავე ცნობით, მხარეებმა "ორი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის არაერთი აქტუალური საკითხი" განიხილეს, ასევე ხელი მოაწერეს "უშიშროების საბჭოების აპარატებს შორის 2023-2024 წლების თანამშრომლობის გეგმას", რომელიც ითვალისწინებს სამართალდამცავ უწყებებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერების ღონისძიებებს.

მოსკოვმა და სოხუმმა 2014 წელს "მოკავშიროებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება გააფორმეს, ხოლო 2020 წელს "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამა" დაამტკიცეს.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.


Print