ახალი ამბები
ბჟანიამ ლავროვი "აფხაზეთის უმაღლესი ორდენით" დააჯილდოვა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთის უმაღლესი ხარისხის ორდენით ("ახძ- აფშას" - " დიდება და ღირსება" ) დააჯილდოვა.

ბრძანებულებაში, რომელსაც აფხაზმა ლიდერმა 21 მარტს მოაწერა ხელი, ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ორდენი გადაეცა "აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაში აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისთვის".

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა წლებში "ღირსებისა და დიდების 1 - ლი ხარისხის ორდენით" დაჯილდოვდა ფაზილ ისკანდერი, ვლადისლავ არძინბა, ედუარდ კოკოითი, დანიელ ორტეგა, უგო ჩავესი, ბაშარ ალ-ასადი, სერგეი შოიგუ, ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.

Print