ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრი 155 წლის იუბილეს წელსაც შენობის გარეშე ხვდება - ენმ-ის დეპუტატი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა პაატა ადამიამ შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, შენობა, რომლის რეაბილიტაციაც ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა, ჯერაც არ არის დასრულების ეტაპზე და თეატრის დასი საიუბილეო თარიღს ისევ საკუთარი ფართის გარეშე ხვდება. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ისევე, როგორც წინა წლებში, ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს საარჩევნო პროპაგანდისთვის გამოიყენებს. 

"2016 წელს დასი იძულებული გახდა დაეხურა თეატრი, ვინაიდან შენობა იყო ავარიულ მდგომარეობაში, იშლებოდა ჭერი. მას შემდეგ თეატრს საკუთარი შენობა არ აქვს. 2016 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმართა მთავრობას, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებს, რომლებმაც შესაბამისი თანხები ვერ მოიძიეს და ფონდმა "ქართუმ" ითავა ამ თანხის მოძიება. გამოიყო 12 მილიონი, დაპირება 2020 წლის არჩევნებისთვის იყო, რომ დასრულდებოდა თეატრის მშენებლობა სრულად, დღესდღეისობით, 2023 წელს, თეატრის მშენებლობა დასრულებული არ არის. შეიძლება მორიგი არჩევნებისთვის გამოიყენოს "ქართულმა ოცნებამ" ეს თემა, თუმცა შენობის მწყობრში შესვლამდე დიდი დროა კიდევ. ჯერჯერობით პირი არ უჩანს მშენებლობის დასრულებას", - აღნიშნა პაატა ადამიამ.

ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაცია 2016 წელს დააანონსდა. შენობის რეკონსტრუქცია მაშინ შპს "ად-სტუდიოს" მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით უნდა მომხდარიყო, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 58 ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოების დასრულების თარიღად მაშინ 2018 ან 2019 წელს ვარაუდობდნენ.

მოგვიანებით, 2018 წლის ივლისში, თეატრის ძველი შენობა სრულად დაანგრიეს. დემონტაჟის მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც, საძირკველი ახალ შენობას ვეღარ გაუძლებდა. 

2021 წლის აპრილში რადიო "ათინათი" კომპანია "ატუს" დაუკავშირდა, რომელიც თეატრის სამშენებლო სამუშაოებს ატარებს. მაშინ კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მშენებლობის დასრულების ვადებმა შესაძლოა 2022 წლისთვის გადაიწიოს. 

ამჟამად ზუგდიდის თეატრალური დასი რეპეტიციებს და სპექტაკლებს კულტურის სახლის ყოფილ შენობაში მართავს.
Print