ახალი ამბები
მენსტრუალური სიღარიბის გავლენა ქალებსა და გოგონებზე - ზუგდიდში ხვალ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება
ხვალ, 16:30 საათზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (რუსთაველის N54) კვლევის "მენსტრუალური სიღარიბის ფსიქო-სოციალური გავლენები ქალებსა და გოგონებზე საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართება. შეხვედრის ორგანიზატორების განმარტებით საქართველოში მენსტრუალურ ციკლზე და მასთან დაკავშირებულ სოციალურ პრობლემებზე არსებული კვლევების რაოდენობა ძალიან მწირია. შესაბამისად, მათივე თქმით, ანგარიშის მომზადება და მენსტრუალური სიღარიბის გარშემო დისკუსიის გაშლა, არის არსებულ მძიმე რეალობაზე საუბრის დაწყებისა და გამოსავლის გზების ძიების მცდელობა.

"მენსტრუალური ციკლი და მასთან დაკავშირებული ფსიქო-სოციალური პრობლემები, დღეს, მსოფლიოსთვის გენდერული თანასწორობის ერთ-ერთი გამოწვევაა. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ქალებისა და გოგონების გამოცდილება მენსტრუალურ ციკლთნ დაკავშირებით მძიმეა. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებშიც კი ქალებს, რომლებსაც დაბალი ანაზღაურება აქვთ, უჭირთ ხელმისაწვდომობა მენსტრუალურ ჰიგიენურ საშუალებებზე.

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული და განმარტებული ტერმინი "Period Poverty"-მენსტრუალური სიღარიბე, რომლიც განიმარტება, როგორც ფინანსური, სოციალური და პოლიტიკური ბარიერი მენსტრუალურ პროდუქტებსა და განათლების წვდომაზე.

ქალებისა და გოგონებისთვის ფიზიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე მენსტრუალური ციკლის სათანადოდ მართვა, ჰიგიენურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, სამომავლოდ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას განაპირობებს. მენსტრუალური ციკლი ასევე დიდ გავლენას ახდენს ქალებისა და გოგოების სოციალურ ცხოვრებაზეც", - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

კვლევის ავტორი თეონა ქავთარაშვილია, პრეზენტაციას კი პროექტის ჯგუფი: სოფო ჯაფარიძე, სალომე ადამია და თეონა სიმაშვილი გაუძღვებიან.

პროექტი ხორციელდება "უხილავი შრომის" მიერ, Spark Fund-ის ფინანსური მხარდაჭერით.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ზუგდიდის შემდეგ კვლევის ანგარიშის წარდგენა სხვა ქალაქებშიც იგეგმება.


Print