ახალი ამბები
სამეგრელოში ძლიერ ქარსა და ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ
29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება. სინოპტიკოსების ცნობით, 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს.

„30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს“, - ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია შენობების სახურავების, ელექტროგადმცემი ხაზების, ხეების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე“, - პროგნოზირებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

Print