ახალი ამბები
ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს - TI
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს "ელექტრო მონტაჟ სერვისი" სახელმწიფო შესყიდვებს იღებს. შესაბამისი კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ალეკო ხვისტანი მმართველი პარტიის შემწირველი და შპს "ელექტრო მონტაჟ სერვისის" დირექტორია, 50% წილი კი მისი მეუღლეს მაია ჭელიძეს ეკუთვნის. ხვისტანების ოჯახი კომპანიას 2015 წლიდან ფლობს.

"შპს "ელექტრო მონტაჟ სერვისმა" 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34,655,073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. აქედან  6,549,941  ლარის ღირებულების 6 ტენდერში კომპანიამ მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც ალეკო ხვისტანი კომპანიის წილის მფლობელი გახდა. შემდგომში მან ეს წილი მეუღლეს დაუთმო, თავად კი დირექტორი გახდა.

კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ, შპს საიდუმლო შესყიდვებშიც მონაწილეობს. მართალია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული არც საიდუმლო ტენდერის საბოლოო ღირებულება და არც ხელშეკრულება, თუმცა "ელექტრო მონტაჟ სერვისს" მომსახურების ღირებულებად ჯამში 13,077,076 ლარი აქვს შეთავაზებული", - ვკითხულობთ კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, "ელექტრო მონტაჟ სერვისი" 2006 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, იგი უმთავრესად სამშენებლო და ელექტროფიცირების საქმიანობას ეწევა. თავდაპირველად კომპანიის 100% წილის მფლობელი ლევან დადიანი იყო, დირექტორის პოზიციას კი ნუგზარ რობაქიძე იკავებდა. ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმა, ალეკო ხვისტანი მათ 2015 წლის დეკემბერში დაუკავშირდა - იგი უსასყიდლოდ გახდა შპს-ს 30% წილის მფლობელი. 2016 წლის მარტში ალეკო ხვისტანმა კომპანიაში წილი 50%-მდე გაზარდა და ასევე დაიკავა დირექტორის პოზიციაც. 2021 წლის დეკემბერში ხვისტანმა საკუთარი 50% წილი მეუღლეს, მაია ჭელიძეს გადასცა. 

ამჟამად შპს-ის 50/50 წილებს მაია ჭელიძე და ბონდო ომიანიძე ინაწილებენ, დირექტორი კი ისევ ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმა, ალეკო ხვისტანია.

"კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ შპს-მ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო შესყიდვებში დაიწყო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ  ვიქტორ ჯაფარიძის შვილი ოთარ ჯაფარიძე, ჩვენი ინფორმაციით, 2022 წლის მაისამდე სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, შემდეგ  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში დასაქმდა, ამჟამად კი კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს", - აღნიშნულია TI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

ორგანიზაციის შეფასებით, შპს "ელექტრო სერვის მონტაჟის" ჩართულობა სახელწიფო შესყიდვებში  კითხვის ნიშნებს აჩენს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მოუწოდებს ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს-ის მონაწილეობა შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა ეს კორუფციის შესაძლო  ნიშნებს.

კვლევა სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე.
Print