დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ცოტა ხნის წინ ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, ის აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა, რათა მათგან გაეგო იმ არსებული ბარიერებისა და პრობლემების შესახებ, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.
"ჩამოვედი საოკუპაციო ხაზთან. თქვენ იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ იმ მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლებიც მოძრაობენ ძირითადად გალში და ჩვენი წარმომადგენელი არის ამით დაკავებული, მათი უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგით. მოვედი, რომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა და მე თვითონ გავსაუბრებოდი ადამიანებს, რომლებიც გადმოდიან და მათგან მიმეღო ინფორმაცია იმის შესახებ, რა ბარიერები აქვთ გადაადგილების დროს, რა პრობლემები ექმნებათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სახალხო დამცველის ოფისი ამ საკითხს და კიდევ უფრო გავაგრძელებთ ამ თვალსაზრისით მათი უფლებების მონიტორინგს", - უთხრა იოსელიანმა ჟურნალისტებს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლებიც.
დღესვე ლევან იოსელიანი სოფლებს წყოუსა და ხურჩას ეწვევა.
მასალის გამოყენების პირობები