ახალი ამბები
ჩვენ ვიცით რა არის ომი - ქალთა კლუბის შეხვედრა ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
პროექტის "ჩვენ ვიცით რა არის ომი" ფარგლებში ზუგდიდში ქალთა კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა. მას ზუგდიდში მცხოვრები უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთიდან დევნილი ქალები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი მონაწილეებიც იმყოფებოდნენ.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში არსებულ და მათზე მორგებულ სერვისებზე.შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებსაც დევნილი ქალები მათ გარშემო არსებულ სოციუმში აწყდებიან.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია "მარდიანობა" ქალთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის, ხათუნა გადელიას განმარტებით, პროექტის მიზანია ომით დაზარალებული ქალების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, მათი ადაპტაცია ახალ გარემოში და მხარდაჭერა.

"უკრაინელ ქალბატონებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს, მასტერკლასებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში და ქართული ენის შემსწავლელი კურსებს", - უთხრა მან რადიო "ათინათს".
ღონისძიების ბოლოს მორიგი შეხვედრა დაიგეგმა და ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფი დაკომპლექტდა.
Print