ახალი ამბები
გალის რაიონის 400 - მდე მცხოვრებმა ბინადრობის ნებართვა მიიღო - მედია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს - ს საპასპორტო სამმართველომ ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი 400 ბლანკი მიიღო, წერს „აფსადგილ ინფო“.


ამავე ინფორმაციით, ბინადრობის ნებართვის მიმღებთა შორის არიან როგორც ქალაქ გალის, ასევე გალის რაიონის სოფლების მცხოვრებლები.

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის გამგებელმა კონსტანტინე ფილიამ აღნიშნა, რომ გალში ბინადრობის მოწმობით 20 000 - მდე მოქალაქე სარგებლობს, რომელთაგან ბევრს უჭირს  ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტის გაცვლა და პრობლემები ექმნება. მან დასძინა, რომ ბინადრობის ნებართვის 400 ეგზემპლარის გაცემის შემდეგ პენსიონერების ხელახალი რეგისტრაციის პროცედურა გააქტიურდა. მისივე მონაცემებით, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, „აფხაზურ პენსიას“ 350 ადამიანი იღებს, ხოლო ბინადრობის მოწმობით - 6 393 . ფილიას თქმით, მაისის ბოლოს, პენსიონერების აღწერის დასრულების შემდეგ, გაირკვევა, რამდენ მათგანს აქვს ვადაგასული ბინადრობის ნებართვა და რამდენს სჭირდება მათი განახლება.

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, გალის რაიონის მცხოვრებლებს  დროებითი დოკუმენტი, ე.წ. "ფორმა №9"- უნდა ჰქონდეთ ან "ბინადრობის მოწმობა" რომლის მისაღებად, როგორც სოხუმში აცხადებენ, ადამიანი, სულ მცირე, 10 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო პირმა, რომელსაც "აფხაზეთის მოქალაქეობაზე აქვს პრეტენზია, საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა განაცხადოს უარი".


 

Print