ახალი ამბები
დევნილებისა და ლტოლვილების საკითხის მოცვა ვერ მოხდა სრულად ზოგიერთი მონაწილის პროტესტის გამო - ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მოლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით თანათავმჯდომარეების მიერ 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრის მონაწილეებმა 2022 წლის ოქტომბერში გამართული წინა შეხვედრის შემდგომ განვითარებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული მოვლენები განიხილეს, ასევე დაადასტურეს თავიანთი ერთგულება პროცესისადმი და დაინტერესება, უზრუნველყონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელება, როგორც ერთადერთი პლატფორმის, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები. 

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს "საკვანძო როლს, რომელსაც ასრულებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, როგორც პლატფორმა პროგნოზირებადობისთვის და დიალოგისთვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობისთვის".

თუმცა, ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესახებ აზრთა ინტენსიური გაცვლის შემდეგ, მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს ურთიერთგაგებას დღის წესრიგის მთავარ საკითხზე. სამწუხაროდ, დევნილებისა და ლტოლვილების საკითხის მოცვა ვერ მოხდა სრულად ზოგიერთი მონაწილის პროტესტის გამო".

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი 2023 წლის 4 და 5 აპრილს აპრილს გაიმართა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

Print