ახალი ამბები
დილიდან ჩაკეტილია ფახულანი-საბერიოს გადასასვლელიც
წალენჯიხის სოფელ ფახულანსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საბერიოს შორის საფეხმავლო გადასასვლელი დილიდან ენგურის ხიდის მსგავსად ჩაიკეტა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ადგილობრივებმა უთხრეს. მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ რას უკავშირდება აღნიშნული შეზღუდვა.

"დილიდან გავიგეთ, მიზეზებზე არავინ არაფერს არ ამბობს. ბაღში არ მოსულან ბავშვები დილიდან, დავრეკეთ და გავარკვიეთ, რომ ჩაიკეტა გადასასვლელი. ამას ვინ აგვიხსნის ჩვენ", - გვითხრა ფახულანის გამგებელმა კახა გოგოხიამ.

მისი თქმით, აღნიშნული გადასასვლელით დღის განმავლობაში ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მცხოვრები დაახლოებით 50-მდე ოჯახი სარგებლობს.

დილიდან ჩაიკეტა ენგურის ხიდიც, რის მიზეზადაც, სავარაუდოდ, 9 აპრილს დაგეგმილი აქცია და უსაფრთხოების ზომები სახელდება.
Print