ახალი ამბები
რიკოთზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციით რიკოთის უღელტეხილი 8 აპრილს გაიხსნა , თუმცა ამ მონაკვეთზე კვლავ გრძელდება მეწყრული უბნის მუდმივი მონიტორინგი.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში", - ვკითხულობთ დეპარტამენტის განცხადებაში.

სპეციალური რეჟიმი ამ დროისთვის ავტომობილებისთვის გულისხმობს გადაადგილების შემდეგ წესებს:

07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

რიკოთის მონაკვეთი 30 მარტის შემდეგ იყო ჩაკეტილი ავტომობილებისთვის იქ განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, რაც შესაძლოა ამავე ადგილას ახალი გზის მშენებლობას გამოეწვია. 30 მარტის შემდეგ მგზავრები გადაადგილდებოდნენ ალტერნატიული, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით, რომლის საფარიც რიგ ადგილებში ასევე დაზიანებულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ალტერნატიული გზით სარგებლობა კვლავ შეუზღუდავად არის შესაძლებელი.


Print