ახალი ამბები
9 აპრილის ტრაგედიიდან - 34, დამოუკიდებლობის აღდგენიდან კი 32 წელი გავიდა
საბჭოთა ჯარების მიერ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 34 წელი გავიდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები ყვავილებით შეამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ცეცხლსასროლი იარაღითა და ნიჩბებით დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად ქალები. ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

34 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.

2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.
Print