ახალი ამბები
ვწუხვარ, 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე შეკრებილებს მიმართა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დღესაც საჭიროა იმაზე საუბარი, რომ საქართველოს მომავალი ევროპას უკავშირდება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია პარტიული და ეროვნული ინტერესების ერთმანეთისგან გამიჯვნა. 

"ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, აბა, სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. აქედან წასვლისას ირჩევენ ევროპას და მე მინდა, აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა, ის, რაც წარმოადგენს ჩვენი იდენტობის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო. უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა, შევძლოთ შურის, ბოღმის და სიძულვილის დაძლევა", – თქვა ზურაბიშვილმა.

დღესვე მან საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის ნანა მახარაძე და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისთვის ნანა მალაშხია ღირსების მედლებით დააჯილდოვა. 

"მინდა, მოვიწვიო ორი ადამიანი – ნანა მახარაძე, რომლის სურათი გასცდა საზღვრებს და მთელ მსოფლიოში მას იცნობენ, როგორც 9 აპრილის სახეს. მეორე, ნანა მალაშხია, რომელიც გახდა ევროპული მომავლის საქართველოს სახე და გავიდა საზღვრებს გარეთ. ამით დავანახეთ მსოფლიოს, რა არის საქართველო, რა უნდა საქართველოს და რა უნდათ ქართველ ქალებს.

მინდა, ვთქვა ისიც, რომ მათ დავაჯილდოებთ, მაგრამ ეს ჯილდო პერსონალური არ არის, ეს ეძღვნება 9 აპრილის ქალებს, ასევე ეძღვნება ყველა იმ ქალს, რომლებიც ამ და სხვა პერიოდში იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს მომავლისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
Print