ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 125 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

უწყების ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 46 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში - 11, სამცხე-ჯავახეთში - 11, ქვემო ქართლში - 9, კახეთში - 5. უკანონო თევზჭერის 5 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ასეთი 4 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 159 კგ-ს გადააჭარბა.

"ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა. უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. პრევენციული ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
Print