ახალი ამბები
გალის ნაცვლად, შეხვედრების განახლება ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, ენგურის უკაცრიელ კუნძულზეა შესაძლებელი - ტუჟბა
ჟენევის დისკუსიების 57 - ე რაუნდის მონაწილეებმა დაადასტურეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლების აუცილებლობა, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლიმ ტუჟბამ "ეხო კავკაზას" უთხრა, რომ არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა. მისი თქმით, ქართული მხარე უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამგზავრო პასპორტით შესვლაზე, როგორც ამას აფხაზური მხარე ითხოვს. პრობლემის გადაჭრის მიზნით, აფხაზური დელეგაცია, რომელსაც ტუჟბა ხელმძღვანელობდა, გამოვიდა წინადადებით, რომ გალის ნაცვლად, იმავე ფორმატის შეხვედრა ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, მდინარე ენგურის ქვედა დინების გასწვრივ არსებულ ერთ - ერთ კუნძულზე გაიმართოს.

"ჩვენ ვთავაზობთ განიხილონ მდინარე ენგურზე ნეიტრალური ტერიტორიის პოვნის შესაძლებლობა. ასეთი ტერიტორიები, როგორც მითხრეს, არის... (გამოცემის აფხაზი კორესპონდენტი წერს, რომ სავარაუდოდ, საუბარია გალის სოფლებთან საბერიოსთან, ნაბაკევთან და ოტობაიასთან არსებულ უკაცრიელ კუნძულებზე). საქმე ისაა, რომ სამხრეთ ოსეთში მსგავსი ფორმატის MPRI მოქმედებს და ის ერგნეთში ხდება ... იქაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე არის რაღაც ანკლავი, რომელიც, როგორც ვიცი, ნეიტრალურ სტატუსს ატარებს. იქაც კარავია გაშლილი და მასში წარმატებით ატარებენ ამ შეხვედრებს. ჩვენ, სამწუხაროდ, გავყინეთ ეს შეხვედრები და ახლა შევთავაზეთ ასე ვთქვათ, ერგნეთის მსგავსი ვარიანტი. მაგრამ ქართველი მონაწილეები ამ შეთავაზებაზე უარს ამბობენ. რბილად რომ ვთქვათ, თავს იკავებენ", - ამბობს ტუჟბა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გალში 2018 წლიდან არ ჩატარებულა. ივნისში, ბოლო შეხვედრაზე, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57 - ე რაუნდი 2023 წლის 4 და 5 აპრილს გაიმართა. მორიგი რაუნდი კი მიმდინარე წლის ივლისისთვის ჩაინიშნა.



Print