ახალი ამბები
რიკოთზე მოძრაობა დღეს - სატვირთო მანქანებისთვის, ხვალ მსუბუქი ტრანსპორტისთვის გაიხსნება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთზე მოძრაობა დღეს 12 აპრილს, მხოლოდ სატვირთო მანქანებისთვის განახლდა, ხოლო ხვალიდან, 13 აპრილიდან მოძრაობა მსუბუქი ტრანსპორტისთვისაც იქნება ნებადართული, სპეციალურ რეჟიმის გათვალისწინებით.

უწყების ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, დღის მეორე ნახევარში ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი - ზესტაფონის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის.

13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ:

07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის; 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

რიკოთის უღელტეხილის გახსნიდან რამდენიმე დღეში ის ისევ ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც 11 აპრილს გზაზე მთის ფერდი ჩამოშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "მცირე ქვათაცვენის" გამო, ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძ ზესტაფონის მონაკვეთზე [კმ 114-კმ 194 მონაკვეთზე] ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით მოძრაობდა.



Print