ახალი ამბები
საქართველოს სპეცსამსახურები აფხაზეთის მცხოვრებლების "გადაბირებას ცდილობენ" - სოხუმი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების სამსახურმა" გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც "კონტრდაზვერვითი ღონისძიებების" შესახებ საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ "საქართველოს სპეცსამსახურები ცდილობენ, აფხაზეთის მცხოვრებლების ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართვას".

გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია ქრისტინე თაკალანძის საქმეზეც, რომელსაც ე.წ. პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინა.

ამავე ვიდეოში აფხაზეთის ორი მცხოვრები ჯესიკა შენგელია და ირმა ხახუა ამტკიცებენ, რომ საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომელი ჯანო ძაგანია მათ "გადაბირებას ახდენდა" და ქალებს სთხოვა ფოტოები გადაეღო ოჩამჩირის სამხედრო ნაწილისთვის, ასევე, გალსა და სოფელ ილორში მდებარე ობიექტებისთვის.  ერთ - ერთი მათგანი ამბობს, რომ მან თავად გადაწყვიტა, აფხაზეთის "სახელმწიფო უშიშროების სამსახურისთვის" ინფორმაციის მიწოდება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. "უშიშროების სამსახურში" აცხადებენ, რომ თავიდან აიცილეს საქართველოს სპეცსამსახურების ზიანი, რომელიც "აფხაზეთის ნაციონალური ინტერესების წინააღმდეგ" იქნებოდა მიტანილი. ასევე, უწყება "ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზაში ცვლილებების შეტანის და კანონის გამკაცრების ინიციატივით" გამოდის.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

2022 წლის 16 სექტემბერს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ქრისტინა თაკალანძეს ე.წ პროკურატურა "საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობას" ედავება. ის სოხუმში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია ირაკლი ბებუა, რომელიც გალის რაიონში "აფხაზეთის დროშის" გამოსახულებიანი ბანერის დაწვის მცდელობისთვის დააკავეს.




Print