ახალი ამბები
მესტიაში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს ბოლნისის გამგებლის ყოფილი მოადგილის კომპანია - TI
ბოლნისის გამგებლის ყოფილი მოადგილის და 2012 წელს ბოლნისში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით ჩართოლანის კომპანია შპს "ქორულდი" მესტიის მუნიციპალიტეტის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (Transparency International Georgia) აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობითვე ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება 2,247,897 ლარია. ამასთან, შპს "ქორულდმა" 2021 წელს მესტიის მერიისგან 67,069 ლარის ღირებულების  ერთი გამარტივებული შესყიდვაც მიიღო.

"დავით ჩართოლანი კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. შპს "ქორულდი" 2020 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. იგი უმთავრესად სამშენებლო საქმიანობას ეწევა და მხოლოდ მესტიის მერიის შესყიდვებში მონაწილეობს. 6 ტენდერიდან ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა, ხუთჯერ უკონკურენტოდ, ერთხელ კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე. "ქორულდის" მიერ მოგებული 6 ტენდერიდან ხუთ შემთხვევაში შემსყიდველი მესტიის მერია იყო, ერთხელ კი "მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი".

აღსანიშნავია, რომ დავით ჩართოლანი პარტია "ქართული ოცნების" შემწირველთან და საპარლამენტო უმრავლესობის  წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორთან - ოთარ ჩართოლანთან ერთად ფლობს იმავე სახელწოდების კომპანიას შპს "ქორულდი", - ვკითხულობთ TI-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს "ქორულდის" მონაწილეობა მესტიის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა ეს კორუფციის შესაძლო  ნიშნებს.
Print