ახალი ამბები
ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით არასაკმარისი წინსვლაა - ევროპის საბჭოს ანგარიში
ევროპის საბჭოს ანგარიშში, რომელიც 19 აპრილს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კვლავაც არასაკმარისი წინსვლა შეინიშნება ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით. აქვე
აღნიშნულია, რომ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს გადაადგილების თავისუფლებისა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვები.

იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია აბრკოლებს რეგიონში კონფლიქტის მოგვარებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია დიალოგისთვის ხელის შეწყობისა და შერიგებისკენ, რათა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთელს მოსახლეობას მიუწვდებოდეს ხელი სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებასა და სხვა სოციალურ შეღავათებზე".

გენერალური მდივნის ანგარიშში საუბარია ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევაზე. მათ შორის "ადმინისტრაციული საზღვრის" ორივე მხარეს არქივების სპეციალისტების მუშაობაზე, რომელიც გაგრძელდა კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ მათი პირადი შეხვედრა. ასევე, ფსიქოლოგებს შორს დიალოგისთვის ხელის შესაწყობად გაწეული მუშაობაზე.

ანგარიშის თანახმად, შემდგომ ინიციატივებზე მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მინისტრთა კომიტეტის წინაშე მისი პერიოდული ანგარიშები საქართველოში კონფლიქტის შესახებ კვლავაც პრიორიტეტული რჩება.

ანგარიშში განხილულია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ორ სახელმწიფოთაშორის საქმესთან დაკავშირებით. ერთია "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II", რომელიც ეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებს. მეორეა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ I", რომელიც ეხება 2006-2007 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, დაპატიმრებასა და მათ გამოძევებას.

20 აპრილს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს სახელმწიფოთაშორის საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ IV", რომლის თაობაზე 2018 წლის აგვისტოში შეიტანა სარჩელი საქართველოს მთავრობამ. ის ეხება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან "ადმინისტრაციული საზღვრის" გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას.

საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი 2010 წლიდან აქვეყნებს ანგარიშებს.

გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის ზოგადი ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც თბილისი ვერ აკონტროლებს, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ის წელიწადში ორჯერ ქვეყნდება.




Print