ახალი ამბები
სოხუმში, გაგრასა და ოჩამჩირეში ერთ კვირაში მაინინგის 40 აპარატი ამოიღეს
აფხაზეთში ერთი კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის მაინინგის 40 აპარატი ამოიღეს, მათგან  37 ქალაქ ოჩამჩირეში, ორი - გაგრაში, ერთი კი სოხუმში. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს,

სარეიდო ღონისძიბები გატარდა ტყვარჩელის, სოხუმის და გულრიფშის რაიონების სოფლებში, თუმცა, კრიპტოფერმები სამართალდამცველებმა იქ ვერ აღმოაჩინეს, ვკითხულობთ ინფორმაციაში,

2023 წლის 6 თებერვალს დე ფაქტო რესპუბლიკაში მაინინგის წინააღმდეგ საბრძოლველად შტაბი შეიქმნა, რომელსაც ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ხელმძღვანელობს. ამ დრომდე შესაბამისი სამსახურების თანამრომლებმა მაინინგის 1600 - ზე მეტი აღჭურვილობა ამოიღეს. გარდა ამისა, კომპანია "ჩერნომორენერგო" უკანონოდ დამონტაჟებული ტრანსფორმატორების დემონტაჟს აწარმოებს.

უკვე წლებია, სოხუმი ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლების გამო მარაოსებრი სისტემით გათიშვები წესდება, ამ დროს აფხაზეთი ელექტროენერგიის რუსეთისგან იღებს.

ბოლო წლებია ზამთრის თვეებში ენგურჰესი ძირითადად აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებს, თუმცა მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს, სადაც 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის.


Print