ახალი ამბები
სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა გადაეცა
"მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის" (ISWM II) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 11 ერთეული, 7 მ³ და 13 მ³ მოცულობის სპეციალური მანქანა გადასცა. ინფორმაციას "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" ავრცელებს. ამავე ცნობით, მანქანებისა და პიკაპის ტიპის სატვირთოების გადაცემა ეტაპობრივად ხორციელდება და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

ამ ეტაპზე მანქანების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეა გადანაწილებული:

სენაკის მუნიციპალიტეტი – 2 ერთეული 13 მ³ მანქანა;

ხობის მუნიციპალიტეტი – 1 ერთეული 13 მ³ მანქანა;

ფოთის მუნიციპალიტეტი – 1 ერთეული 7 მ³ და 1 ერთეული 13 მ³ მანქანა;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – 1 ერთეული 7 მ³ და 1 ერთეული 13 მ³ მანქანა;

წალენჯიხას მუნიციპალიტეტი – 1 ერთეული 7 მ³ მანქანა;

აბაშის მუნიციპალიტეტი – 1 ერთეული 13 მ³ მანქანა;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – 2 ერთეული 13 მ³ მანქანა.

"საპროექტო რეგიონების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკით ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს", - აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული ტექნიკური საშუალებების ღირებულება 6 800 000 ევრომდე შეადგენს.
Print