ახალი ამბები
ძაღლს, რომელმაც მარტვილში 10-ზე მეტი ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა
ცხოველს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მარტვილში რამდენიმე პირი დაკბინა და მოგვიანებით, ოზურგეთის თავშესაფარში მოკვდა, ცოფი დაუდასტურდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, უწყების ვეტერინარებმა დღეიდან უკვე დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და თვითმმართველობასთან კოორდინაციით საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას.

"24 აპრილს მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა მყისიერად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები. ძაღლი, მეთვალყურეობის მიზნით, გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში. ცხოველი მოკვდა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება", - ვკითხულობთ სეს-ის განცხადებაში.

ადგილობრივების ინფორმაციით, თავშესაფარში გადაყვანამდე ძაღლმა 10-ზე მეტი ადამიანი დაკბინა. მათი უმრავლესობა ანტირაბიულ ვაქცინაციას იტარებს.
Print