ახალი ამბები
აფხაზეთსაც ამ სივრცეში ვხედავ - არძინბა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კვლავ გაერთიანების ინიციატივაზე
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, ის იზიარებს მოსკოვის მიერ

"ინიცირებულ  და მხარდაჭერილ" პროცესს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების კვლავ გაერთიანების შესახებ და სოხუმსაც ამ სივრცეში ხედავს.

ამის შესახებ მან 29 აპრილს, "მრავალპოლუსიანი მსოფლიოს" თემატიკასთან დაკავშირებული "გლობალური" ონლაინკონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა, წერს "აფსადგილ ინფო", თუმცა, ღონისძიების მონაწილეთა ვინაობას ინფორმაციაში არ ასაჯაროებს.

"ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ინტეგრაციული პროცესების გააქტიურებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სუვერენული სახელმწიფოების გაფართოებული კავშირის ფორმირებას. საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემა ტურბულენტურობით ხასიათდება. ყველანი ვართ მოწმე იმისა, რომ თუ როგორ სერიოზულად იცვლება მსოფლიო და ვხედავთ, თუ როგორ ეწინააღმდეგება კოლექტიური დასავლეთი მრავალპოლუსიან სისტემაზე გადასვლის პროცესს. მსოფლიო არ შეიძლება იყოს ერთპოლუსიანი. ისტორია ამის ნათელი დასტურია", - თქვა არძინბამ

მისი განმარტებით, "აფხაზეთი მზად არის წინ აღუდგეს აშშ-ის ჰეგემონიისა და ნატოს ძალისხმევით შექმნილ სისტემას" და დასძენს, რომ "მრავალპოლუსიანი მსოფლიო საერთაშორისო სამართლის, თანასწორუფლებიანობისა და პატარა ერების უფლებების პატივისცემის პრინციპებს დაეფუძნება", თუმცა, მისივე სიტყვებით, "ეს არ არის სწრაფი პროცესი, თუმცა უდავოა მისი ობიქტური მიმდინარეობა".

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიან ომზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე "სპეციალურ სამხედრო ოპერაცია" აფხაზეთის ინტერესებშიც შედის და ამიტომ იქ იბრძვიან "აფხაზი მოხალისეები".

ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, უკრაინის ომში დაიღუპნენ რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები: ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირი, რამინ ბახტაძე, ბესლან ტაბაღუა, ნიკიტა ზუხბა, ვიაჩესლავ ნოვიცკი, ადამ ლაგვილავა, ნოდარ აბიჯბა და დმიტრი წვიჟბა.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ ,ხოლო 2018 წელს - სირიამ.



Print