ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ძეგლები მძიმე მდგომარეობაშია - "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის"

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური

რესპუბლიკის მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტებმა მოახერხეს ოჩამჩირის რაიონში უნიკალური ქართული ძეგლების, ბედიის მონასტრის (X საუკუნე), მოქვის საკათედრო ტაძრის (X საუკუნე) და ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის (XI საუკუნე) გადაღება.

X საუკუნით დათარიღებულ ბედიის მონასტერში, სადაც ჯერ კიდევ 2010 წელს, ქართული კვალის წაშლის მიზნით, ჩამოიფხიკა უნიკალური კედლის მხატვრობა, მათ შორის ბაგრატ III - ს ცნობილი ფრესკა, წლებია, მიმდინარეობს ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის შედეგიც კედელზე ჭიკარტით მიმაგრებული ბაგრატ III - ის დიდი ფოტოა (იხილეთ ფოტო II), ხოლო უშუალოდ მონასტრის საერთო მდგომარეობა ბევრად მძიმეა, ვიდრე აქამდე იყო.

განსაკუთრებით სავალალოდ გამოიყურება ბაგრატ III-ს საძვალე (იხილეთ ფოტო III), აყრილია იატაკისა და საფლავის ქვები, მონასტრის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები კი ხე-მცენარეებით იფარება (იხილეთ ფოტო V-VI) დღემდე გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება „სარეაბილიტაციო სამუშაოები“. (იხილეთ ფოტო IV)

ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ ტაძარში შემორჩენილი ავთენტური ფრაგმენტები განადგურდეს და შესაძლოა, ბედიის მონასტერმა ილორის ეკლესიის ბედი გაიზიაროს და ის უბრალოდ თეთრად გადაღებონ, მოვუწოდებთ კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საკომუნიკაციო საშუალება მეორე მხარესთან ბედიის მონასტრის ე.წ. რესტავრაციის მიზნების დასადგენად და ზემოთხსენებული ძეგლების შესანარჩუნებლად.

„მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ასევე წერილით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს ICOMOS და „ლურჯი ფარის“ წარმომადგენლობას, იმოქმედონ ომის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენციის შესაბამისად და მეტი ყურადღება და აქტიურობა გამოიჩინონ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.




 

Print