ახალი ამბები
გალელი მამაკაცის მკვლელობისთვის აფხაზი „მესაზღვრეა“ დაკავებული
28 აპრილს გაგრის სოფელ ალახაძიში მოკლული გალელი ჯერო მარღანიას მეგობრები საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ და მკვლელობის გარემოებებზე საუბრობენ. ამის შესახებ მათ ადგილობრივ ინტერნეტ - გამოცემა „ნუჟნაია გაზეტას“ უთხრეს.

ისინი ჰყვებიან, რომ 28 აპრილს ჯერო მარღანია საღამოს 6 საათზე სოფელ ალახაძიში გაემგზავრა, სადაც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომელს დავით ახიბას უნდა შეხვედროდა. ამ უკანასკნელს მარღანიამ მანქანა მიყიდა და მისგან 200 000 რუბლი უნდა მიეღო. როგორც მოკლულის ახლობლები ჰყვებიან, ახიბამ მარღანიას უთხრა, რომ მისი მანქანა გაფუჭდა, ფულს თავად ვერ მიუტანდა, ამიტომ ჯერო მარღანია თავის უბანში, ალახაძში დაიბარა. დანიშნულ ადგილზე შეხვედრიდან თხუთმეტ წუთში მარღანია სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, მისი გაუჩინარებით შეწუხებულმა მეგობრებმა მისი ძებნა დაიწყეს. ძებნას თავად ახიბაც შეუერთდა, რომელმაც საობრობდა ვიღაც „ნარკომანზე“, რომელიც თითქოს მანქანაში ჯერო მარღანიასთან ერთად ჩაჯდა და მისი აღწერაც კი სცადა და ცდილობდა ისინი დანაშაულის ადგილიდან გაერიდებინა. დილას ახიბამ განაცხადა, რომ სოჭში მიდიოდა „ნარკომანის“ ფოტორობოტის გასაკეთებლად და აფხაზეთი დატოვა.

„რა თქმა უნდა, მისი საქციელიდან უნდა გაგვეგო, რომ აქ რაღაც რიგზე არ იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ 200 000 რუბლისთვის ასე სასტიკად შეიძლება დაცხრილო ადამიანი“, - ამბობენ ჯერო მარღანიას მეგობრები.

მათივე თქმით, მეორე დღეს სამძებრო სამუშაოებს პოლიციაც შეუერთდა და 29 აპრილის დილით იპოვეს მანქანა, რომლითაც ჯერო მარღანია მივიდა შეხვედრაზე, შემდეგ კი მისი ცხედარი ზურგში მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობებით აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას ავტომატიდან ესროლეს.

ერთი დღის შემდეგ ადლერის კაზინოში დავიდ ახიბა დააკავეს, რომელმაც, მოკლულის მეგობრების თქმით, აღიარებითი ჩვენება მისცა, შემდეგ კი საკუთარ ჩვენებაზე უარი თქვა.

„ჩვენ ვთვლით, რომ ისინი საქმის მიჩქმალვას ცდილობენ, რადგან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებიდან პირველ საათებში ახიბამ აღიარა მკვლელობა, ახლა კი უარს ამბობს და ეს იწვევს ეჭვებს, რომ საქმეს სამართლიანად გამოძიებენ ”, - ამბობენ ჯერო მარგანიას მეგობრები და მიუთითებენ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახიბას კავშირზე და ნათესაურ ურთიერთობაზე მაღალჩინოსნებთან.

გამოცემის ინფორმაციით, მეგობრები ჯერო მარგანიას ახასიათებენ, როგორც „წესიერ, შრომისმოყვარე ადამიანს, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, პატიოსნად შრომობდა და გამოთქვამენ იმედს, რომ საჯარო მიმართვა და მკვლელობის გარემოებების გამჟღავნება ხელს შეუწყობს დანაშაულის გამოძიებას“.

„ეს ცხოველი ჩვენი მეგობრის სიცოცხლეს, რომელიც მხოლოდ 29 წლის იყო, 200 000 რუბლად აფასებდა და გულგრილად ვერ ვუყურებთ, როგორ ცდილობენ ამ საქმის მიჩქმალვას. ჩვენ პირველად ვხედავთ, რომ აფხაზეთში ოთხი დღის განმავლობაში არავინ იცოდა ასეთი სასტიკი მკვლელობის შესახებ, რომ ამდენი დღის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოები მალავდნენ ინფორმაციას მკვლელობის შესახებ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მკვლელი კანონის მიხედვით დაისაჯოს და სამართალდამცავებს ვთხოვთ, დაივიწყონ ოჯახური ურთიერთობა და ნუ გვაიძულებენ, მივსდიოთ უძველეს აფხაზურ ტრადიციებს“, - აცხადებენ ისინი.

გალის მცხოვრები 29 წლის ჯერო მარღანიას ცხედარი 29 აპრილს გაგრის რაიონის სოფელ ალახაძში, მეფრინველეობის ყოფილი ფერმის ტერიტორიაზე იპოვეს. ცხედარი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, ბრეზენტისა და სამშენებლო ნარჩენების ქვეშ იყო გადამალული.

30 აპრილს აფხაზმა სამართალდამცველებმა მარღანიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის დავიდ ახიბა დააკავეს. „ოფიციალური უწყებების“ ინფორმაციით, ახიბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ თანამშრომელი და, „ცანდრიფშის“ ე.წ. სასაზღვრო პუნქტის საკონტრაქტო მოსამსახურეა.

3 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის "სამხედრო სასამართლომ" ახიბას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ჯერო მარღანია დედასთან და ძმასთან ერთად გალში ცხოვრობდა, პერიოდულად კი ტაქსის მძღოლად გაგრაში მუშაობდა.


Print