ახალი ამბები
არძინბა აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების დახურვით ისევ იმუქრება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინალ არძინბა აცხადებს, რომ შესაძლოა შეაჩეროს ამა თუ იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის (PROOH) სააგენტოების მიმდინარე პროექტები - „თუ არ იქნება სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“.

„საგარეოს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონტროლის მიზნით მათ ოკუპირებულ აფხაზეთში გაეროს განვითარების პროგრამის (PROOH)სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვეს.

ამ მოთხოვნის საპასუხოდ მიიღეს წერილი, რომელშიც მათ სააგენტო სთავაზობს „განიხილონ საჭირო ინფორმაციის მიწოდების ალტერნატიული ფორმები და არა შეხვედრები პოლიტიკურ დონეზე“.

„მსგავსი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათი საქმიანობის გამჭვირვალობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომლსაც ე.წ. საგარეო უწყება ავრცელებს.

„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მთავარი საკოორდინაციო ორგანო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში და უფლება აქვს მოითხოვოს შეხვედრები აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებთან, რათა მოიპოვოს ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ უფლებას იტოვებს, „შეაჩეროს მიმდინარე პროექტები იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ინალ არძინბამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების შესაძლო დახურვის შესახებ.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა.

არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014-2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.

ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.

უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში — უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.







Print