ახალი ამბები
ყველაფერი კეთდება ქრისტინე თაკალანძის გასათავისუფლებლად - სუს - ი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებით ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძისთვის 5 მაისს უკანონოდ გამოტანილ განაჩენს.

სუს - ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკანონო "გადაწყვეტილებას" წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქრისტინე თაკალანძის მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის ზუგდიდში დაბადებულ ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საოკუპაციო რეჟიმი თაკალანძეს "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობას" ედავება.

გადაწყვეტილება "მოსამართლე" ბესლან ბერულავამ გუშინ, 5 მაისს გამოაცხადა.

თაკალანძე 2022 წლის ივლისში "ჯაშუშობის" ბრალდებით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დააკავეს.


ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონოდ დაკავება მაშინვე დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს - ში განაცხადეს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.


ამავე თემაზე:





Print