ახალი ამბები
რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა" ვებ - გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო
რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენების დაწყებას გეგმავს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო, - ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. 

ამავე ცნობით, "აზიმუტის" ვებ-გვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ ქვეყნებად იყო ნახსენები და ვიაკომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას მსურველებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ.

"ეხოკავკაზას" თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველების" ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს მთავრობას მიმართა:

"შემოწმებული და გაცემული გაქვთ ნებართვა კომპანიაზე, რომელიც თავის ვებგვერდზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ცალკე სახელმწიფოებად მოიხსენიებს?"

დაახლოებით ორი საათის შემდეგ ამ მიმართვიდან მშვენიერაძემ ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "აზიმუტმა" რეგისტრაციისას საიტზე მითითებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო.

გამოცემა წერს, რომ "აზიმუტმა" მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით 17 მაისიდან ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო.

ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე. ბილეთის მინიმალური ფასი მოსკოვიდან 17 148 რუსული რუბლია (215 აშშ დოლარი), თბილისიდან - 20 675 რუბლი (260 აშშ დოლარი).

10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ბრძანება ძალაში 15 მაისიდან შევიდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღით შეეძლებათ უვიზოდ. გარდა ამისა, პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე აკრძალვა მოხსნა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისიდან შეწყვიტა.


Print