ახალი ამბები
თბილისთან ურთიერთობა მოსკოვმა სოხუმთან უნდა შეათანხმოს - ადგურ არძინბა
ოკუპირებულ აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა თბილისთან ურთიერთობა სოხუმთან უნდა შეათანხმოს. ამის შესახებ "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" ლიდერმა ადგურ არძინბამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების და რუსული ავიაკომპანიებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, წერს "ეხო კავკაზა".

"ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა მოკავშირემ და სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, გარდა ამისა, განახლდება პირდაპირი ფრენები და ჩვენი მხრიდან არანაირი რეაქცია არ არის მაშინაც კი, როცა რუსული ავიაკომპანიის საიტებიდან აფხაზეთის ხსენება ამოღებულია", - წერს ის ტელეგრამის არხზე.

აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენელი მიუთითებს რუსეთის ფედერაციასა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების მე-3 მუხლზე, რომელიც, კერძოდ, "კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას" გულისხმობს.

"არავინ ამბობს, რომ მსოფლიო დერჟავამ, რუსეთის ფედერაციამ, აფხაზეთს უნდა შეუთანხმოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ან კოლექტიურ დასავლეთთან ურთიერთობა. მაგრამ, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს, რომელთანაც აფხაზეთი ომის მდგომარეობაშია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი აზრი აქ გასათვალისწინებელია", - აღნიშნავს ადგურ არძინბა. ის დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია აფხაზი ლიდერის მდუმარე პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. 

16 მაისს, რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენების დაწყებას გეგმავს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო.

გამოცემა წერს, რომ "აზიმუტმა" მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით 17 მაისიდან ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო.

ინფორმაციისთვის, 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ბრძანება ძალაში 15 მაისიდან შევიდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღით შეეძლებათ უვიზოდ. გარდა ამისა, პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე აკრძალვა მოხსნა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისიდან შეწყვიტა.



Print