ახალი ამბები
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი გავიდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ საზღვართან, 30 წლის საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 7 წელი გავიდა.

ოთხოზორიას საფლავზე უკვე იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დანაკარგი ოჯახს და მათ თანადგომას დაჰპირდა.

"გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა 7 წლის წინ იმსხვერპლა, უდიდესი უსამართლობა, ჩვენი დიდი ტკივილი და ტრაგედიაა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და ვუთანაგრძნობთ ოჯახს, თუმცა, ძალიან რთულია იპოვო შესაფერისი სიტყვები, რომლებიც ანუგეშებდა და ტკივილს შეუმსუბუქებდა მათ. ჩვენი ქვეყანა დღემდე განიცდის ომის სისასტიკის და ოკუპაციის უმძიმესს შედეგებს, რამაც გიგა ოთხოზორიასთან ერთად, არაერთი ჩვენი ახალგაზრდის, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლე შეიწირა,"- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში იცავენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი".

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული ე.წ მესაზღვრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.


გიგა ოთხოზორიას დედა: მინდა, რომ გიგას სიკვდილმა უკვალოდ არ ჩაიაროს

საიამ გიგა ოთხოზორიას საქმეზე ევროსასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა

გიგა ოთხოზორიას დედა: მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოცემა მხოლოდ იმისთვის მინდა, რომ სასჯელი ციხეში მოიხადოს


Print