ახალი ამბები
დღეს "აფხაზეთობა" აღინიშნება
სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს, ვულოცავთ "აფხაზეთობას". სიმბოლურია, რომ 23 მაისი, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეა, რომელმაც აფხაზეთში ქრისტიანობა იქადაგა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიმართვაშია ნათქვამი. თეა ახვლედიანის თქმით, ერთიან კულტურასა და ტრადიციებთან ერთად, ქართველებსა და აფხაზებს საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული, მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრების ისტორია აერთიანებთ.

"საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, სწორედ ამ ერთიანობის გამოცდილებას ემყარება ადამიანზე ორიენტირებული შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს, შევქმნათ პირობები, ხელოვნური ბარიერებით დროებით დაშორებულ ადამიანებს შორის ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების აღსადგენად, ნდობისა და მდგრადი მშვიდობის მშენებლობის უზრუნველსაყოფად. ღრმად გვწამს, რომ სწორედ შერიგება, მშვიდობა და განვითარება წარმოადგენს ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში ერთობლივი კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის მიღწევის უალტერნატივო გზას", - ვკითხულობთ მინისტრის განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე "აფხაზეთის დღედ" დადგინდა.

2014 წლიდან "აფხაზეთობა" ტრადიციულად ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
Print