ახალი ამბები
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მერაბ კოსტავას, 26 მაისს, 84 წელი შეუსრულდებოდა. ქართველი საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში დაიბადა.

მერაბ კოსტავა უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის არაერთი ორგანიზაციის შექმნასა და ღონისძიების დაგეგმვაში. 1956 წელს რვა თანატოლთან ერთად შექმნა არალეგალური პოლიტიკური ორგანიზაცია "გორგასლიანი", ხოლო 1974 წელს გახდა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრი და აქტიურად ჩაერთო კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ იატაკქვეშა ბრძოლაში. იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერი. კოსტავა იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეწეოდა დისიდენტურ და ადამიანის უფლებათა დამცველ საქმიანობას, ებრძოდა საქართველოში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს, საკუთარი შეხედულებებისა და ფასეულობებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს.

1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნებული კოსტავა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან ერთად აქტიურად იწყებს ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

მერაბ კოსტავას საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში, ბრძოლასა და წარმატებაში. იგი აქტიურად იბრძოდა საზოგადოების გამთლიანებისთვის -1978 წლის 13 ივნისს აშშ-ის სენატი 90 ხმით 1-ის წინააღმდეგ შეუერთდა ნორვეგიის, ბელგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტართა ჯგუფს და მერაბ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, წარადგინეს მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე. 1985 წელს აშშ-ის კონგრესის ევროპის "უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის" კომისიამ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, განმეორებით წარადგინა მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე. 1979 წელს საერთაშორისო ორგანიაცია Aმნესტყ Iნტერნატიონალ-მა მერაბ კოსტავა ჯერ პოლიტპატიმრად, ხოლო 1985 წელს - სინდისის პატიმრად აღიარა.

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა. 

მერაბ კოსტავა დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Print