ახალი ამბები
ზუგდიდში ენმ-ის წევრებმა ევროკავშირის დროშა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე გადმოფინეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და საკრებულოში ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაზე ევროკავშირის დროშა გადმოფინეს. მათი თქმით, აღნიშნული აქცია-პერფომანსით ისინი გამოხატავენ, რომ ევროპულ კავშირში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია. 

,,უპირველესად მთელს საზოგადოებას ვულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს, რომელსაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე აღნიშნავს ზეიმით და ამავდროულად, ჩვენ, ჩვენი მოკრძალებული პერფორმანსით, გვინდოდა გვეჩვენებინა მთელი საზოგადოებისთვის, რომ საქართველოში არის ძალიან დიდი ნაწილი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი. გავიხსენებ, ბატონი ზურაბ ჟვანიას სიტყვებს: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. აი ამ პერფორმანსით, მომავალ თაობას, რომელიც დღეს არის აქ გამოსული და სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართული, ვაჩვენეთ, რომ მათი მომავალი სწორედ ევროპისკენ არის. მე მოვუწოდებ ქვეყნის ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტს პირველ რიგში, თავისი პირადი ყველნაირი ამბიცია გადადონ და მთავარი მესიჯი, რაც ქართულ საზოგადოებას სწყურია რომ მოისმინოს, თქვან, რომ როდესაც ევროპა ელოდება ჩვენგან მკვეთრ ნაბიჯებს, რომელსაც უნდა, რომ ჩვენ გავხდეთ ამ ოჯახის წევრი, რომ საქართველო მიისწრაფვის ევროპისკენ, და ჩვენი ვექტორი არის სწორედ ევროპაში ინტეგრაცია'', - უთხრა რადიო ,,ათინათს'' ზუგდიდის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ ბასილაიამ.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ძირითადი ღონისძიებები 14 საათზე დაიწყება.

Print