ახალი ამბები
გიგა ოთხოზორიას დედა საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს
გიგია ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.

რადიო "ათინათი" მის მიერ გავრცელებულ გაცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,მე, გიგა ოთხოზორიას დედა,ჩემი ოჯახის სახელით ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე,მათი ოჯახების წინაშე,რომლებიც ვაჟკაცურად იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად და შესწირეს სიცოცხლე მათ უპირველეს მოვალეობას. ჩემი შვილის სახელთან ერთად ლოცვებში ყოველდღე ვახსენებ მათ და უფალს შევთხოვ მათი სულების ნათელში ყოფნას. უამრავი გმირის სახელებიდან ორი მათგანის გამოყოფა დიდ უხერხულობას მიქმნის მე,ყველა იმ დედის წინაშე,რომელთა შვილები,როგორც ჩემი გიგა, სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. გუშინ ერთ-ერთ ჟურნალისტთან ავღნიშნე ყოველივე ეს, თუმცა ვერსად მოვისმინე. გავაჟღერე აგრეთვე ჩემი სურვილიც, ქალბატონ პრეზიდენტს ყურად ეღო თავისი ხალხის მოთხოვნა და გაეთავისუფლებინა ნიკა გვარამია. ქალბატონო პრეზიდენტო, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ ყოველივე იმის სისწორეში, რაც გუშინ ილაპარაკეთ, მაშინ რატომ არ გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული უფლება და არ მოუსმინეთ სასახლესთან შეკრებილ ხალხს? ''
- წერს ფეისბუქზე ჯულიეტა ჭანტურია.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში იცავენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი".
Print