ახალი ამბები
სოფელ ოდიშის შესასვლელი გადაკეტილია - ადგილობრივები აქციას მართავენ
ზუგდიდში სოფელ ოდიშის მაცხოვრებლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. აქ შეკრებილები არიან საჯაიას ქუჩაზე მცხოვრებლები და ამბობენ, რომ უკვე წლებია გზის რეაბილიტაციას ითხოვენ, რადგან გზის კონკრეტულ მონაკვეთზე გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში მათთან მისვლა სასწრაფო დახმარების მანქანასაც უჭირს, წვიმის დროს კი ივსება სანიაღვრე არხები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან დახმარების პირობა არაერთხელ მიიღეს, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

"საჯაიას ქუჩა საშინელ მდგომარეობაშია, ბავშვები ვერ გადიან გზაზე. როცა წვიმიანი ამინდია, მთლიანად იტბორება ქუჩა. გვპირდებიან, რომ მოვაგვარებთო პრობლემას. გადის თვეები და არაფერი იცვლება. ვითხოვთ, რომ გააკეთონ გზა. პროტესტს მანამ გავაგრძელებთ, სანამ არ დაიწყებენ სამუშაოებს, შევაწუხებთ მთავრობას,"- გვითხრა სოფელ ოდიშის მკვიდრმა სოსო კვიტატიანმა.

აქციის მონაწილეებს უკვე შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ზუგდიდის მერის მოადგილე მაზერ ნანავა. მისი თქმით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების კონკრეტული თარიღის დასახელება შეუძლებელია, თუმცა ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ სამუშაოები აუცილებლად განხორციელდება.

"არ არის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი რეაბილიტირებული გზა, თუმცა იგეგმება. კონკრეტულ თარიღს ვერ ვიტყვი. თარიღს იმიტომ ვერ ვამბობ, რომ ყველაფერს თავისი პროცედურები სჭირდება. ჩვენ ვპირდებით, რომ პრობლემა მოგვარდება,"- განაცხადა ნანავამ.

დემონსტრაციის მონაწილეებს ამ წუთებში სოფელ ოდიშის შესასვლელი გადაკეტილი აქვთ და გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
Print