ახალი ამბები
რუსულმა ავიაკომპანიამ, რომელსაც საქართველოში ფრენის უფლება მიეცა, ქვეყნების სიაში აფხაზეთი დაამატა
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა, რომელიც ივნისიდან იწყებს ოპერირებას სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე, ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ის ოპერირებს, აფხაზეთი დაამატა.

ამ დროის მონაცემებით, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ქვეყნების სიაში, სადაც ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს, საქართველო არ არის მითითებული.

აღნიშნულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა. 

„მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი - თბილისი - სოჭის და მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს“, - ვკითხულობთ უწყების ინფორმაციაში.



Print