ახალი ამბები
სოხუმის დრამატული თეატრის წინ "ანტისამთავრობო" აქცია მიმდინარეობს
სოხუმში დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე ოპოზიციის "სახალხო აქცია" დაიწყო. აქციის ორგანიზატორები ეწინააღმდეგებიან "კანონებს აპარტამენტების, აფხაზეთში ჩასახლების, აფხაზური მიწების დარიგებისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის" შესახებ.

"ეხო კავკაზას" თანახმად, აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები სლოგანებით: "აფხაზეთი არ იყიდება", "ენერგეტიკა ხალხის საკუთრებაა", "ჩვენ აპარტამენტების წინააღმდეგი ვართ".

სოხუმის "სამთავრობო შენობების" კომპლექსის ირგვლივ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს - დამონტაჟდა ლითონის ჯებირები, მავთულხლართები და ჩააყენეს ავტობუსები. ადგილზე ე.წ. უსაფრთხოების ძალების გარდა, დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.

"კანონს აპარტამენტების ლეგალიზაციის შესახებ" აფხაზური საზოგადოება რამდენიმე თვეა აკრიტიკებს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია კი დაჟინებით მოითხოვს მის მიღებას.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი "მთავრობას" ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და "პრეზიდენტს" მისი დათხოვნისკენ მოუწოდებენ, თუმცა ასლან ბჟანიამ უყურადღებოდ დატოვა ოპოზიციის ულტიმატუმი, რომლის ორკვირიანი ვადა ორი დღის წინ ამოიწურა.

25 მაისს აფხაზ ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივმა კავშირმა "აიააირამ" ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვა.


ამავე თემაზე:


სოხუმში დაგეგმილი მიტინგის წინ "ოპოზიციონერები" სამართალდამცავებს მიმართავენ

ოკუპირებულ აფხაზეთში „მთავრობის“ გადადგომის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა


Print