ახალი ამბები
ყველის, ბოსტნეულის, პურისა და პურპროდუქტების ფასები შემცირდა - საქსტატი
საქსტატის ინფორმაციით, გასულ თვესთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, პურსა და პურპროდუქტებზე, შაქარზე, ზეთსა და ცხიმზე ფასები შემცირდა. ფასები გაიზარდა ხილზე, თევზზე, ხორცსა და ხორცპროდუქტებზე.

საქსტატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.62 პროცენტული პუნქტით აისახა.

"ფასთა კლება შემდეგ პროდუქტებზე ასე აისახა: რძე, ყველი და კვერცხი (-5.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1.0 პროცენტი).

პროდუქტებზე ფასების ზრდა კი ასე აისახა: ხილი და ყურძენი (4.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (2.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (0.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საფინანსო მომსახურების ქვეჯგუფზე (21.6 პროცენტი)", - ვკითხულობთ "საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print