ახალი ამბები
აფხაზეთში თავშეყრის ადგილებში "შეუსაბამოდ" ჩაცმულებს დაახლოებით 73 დოლარით დააჯარიმებენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეების ქცევასთან დაკავშირებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები შეიტანა, წერს "აფსნიპრესი".

კერძოდ, ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ქუჩებში, სკვერებში, პარკებში შიშველი ტანით ან საცურაო კოსტიუმში გამოჩენისთვის ტურისტებს ემუქრებათ ჯარიმა 6 ათასი რუბლის (დაახლოებით, 73 აშშ დოლარი)ოდენობით.

"დამსვენებლებისა და ტურისტების დიდი რაოდენობა საგრძნობლად ავსებს ჩვენს ბიუჯეტს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი, ახალგაზრდობის აღზრდა აფსუარის სულისკვეთებით. ბევრი, ვინც ჩვენს კურორტზე ისვენებს, თავს უფლებას აძლევს საცურაო კოსტიუმებით იაროს არა მხოლოდ პლაჟებზე ან ცურვისთვის განკუთვნილ ადგილებში, არამედ საზოგადოებრივ ადგილებშიც, მამაკაცები კი უბრალოდ შორტებით დადიან, შიშველი ტანით. ეს ყველაფერი იწვევს არა მხოლოდ უფროსი თაობის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების აღშფოთებას, რადგან ჩვენს საზოგადოებაში არ არის მიღებული ასეთი ჩაცმა საზოგადოებრივ ადგილებში", - ნათქვამია "კანონპროექტის" განმარტებით ბარათში.

ინფორმაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული აკრძალვა ასევე ეხება ადგილობრივ მოსახლეობას.

"კანონი" ძალაში შედის 2023 წლის 1 აგვისტოდან.


Print