ახალი ამბები
ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხებზე სამუშაოდ პუტინმა გალუზინი დანიშნა - სოხუმი
მოსკოვსა და სოხუმს შორის "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხებზე წარმომადგენლად ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი დანიშნა. ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

"ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმებას" რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და ინალ არძინბამ ხელი მოსკოვში 2022 წლის 27 სექტემბერს მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, რომლის პროექტი 2022 წლის მარტში მომზადდა. რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლიათ "აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტომდე ჰქონდათ მოქალაქეობა და განაცხადის მიღების დღეს არ დაუკარგავთ ის და მიაღწიეს სრულწლოვანებას".

მასში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს" შესაძლებლობა ეძლევათ რუსეთის ფედერაციას მიმართონ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების განაცხადით და რომ ის ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც "ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიან იმ ტერიტორიაზე, სადაც მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის მომენტში.

ასევე, "ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები, როემლთაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური "ერთ-ერთ ქვეყანაში , თავისუფლდებიან მეორე მხარის სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან".

"ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებებით იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ შეთანხმებას მოეწერება ხელი, სექტემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი. შესაბამისი განკარგულება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა, იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

Print