ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენის შეთანხემებას "მხარეებმა" პეტერბურგში მოაწერეს ხელი
მოსკოვმა და სოხუმმა, სანკტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში, ხელის მოაწერეს შეთანხმებას ბაბუშარას აეროპორტის ფუნქციონირების განახლების შესახებ, წერს ინტერნეტ გამოცემა "აფსნიპრესი".
ამავე ცნობით, დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის მხრიდან, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა, ნათქვამია, რომ "საინვესტიციო პროექტს აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ოპერირების მიზნით რუსული იურიდიული პირი განახორციელებს".

ოზგანის თქმით, ხელმოწერილი ხელშეკრულება პროექტში მონაწილე "მხარეთა პირობებს და ვალდებულებებს განსაზღვრავს, კერძოდ კი "აფხაზეთის მხრიდან სპეციალური საინვესტიციო რეჟიმის უზრუნველყოფას, რომელიც ითვალისწინებს პრეფერენციებსა და შეღავათებს".

" გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. მოვლენა, რომელსაც თითქმის 30 წელი ველოდით. ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაზე", - აღნიშნა მან.





აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის გეგმავს.

მანამდე აფხაზური მედია წერდა, რომ ინვესტორად გამოდის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element , რომელთა კომპანიები აკონტროლებენ ან შედიან რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში.

2019 წლის ივლისში აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO- მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.



Print