ახალი ამბები
სოხუმში ამბობენ, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა 2025 წლიდან იგეგმება

სოხუმის აეროპორტის აეროდრომი და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა "სახელმწიფო საკუთრებაში" დარჩება, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა "სპუტნიკს" განუცხადა.

მისივე თქმით, ინვესტორს, რომელსაც აეროპორტი იჯარით გადაეცემა, მხოლოდ "აეროპორტის საქმიანობის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ობიექტების - ტერმინალების, საწვავის შემავსებელი კომპლექსებს და ა.შ." განკარგვა შეეძლება. 

ოზგანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აეროპორტი შეინარჩუნებს ორმაგი დანიშნულების სტატუსს.

"აფხაზეთში არის ერთი აეროპორტი, შესაბამისად, ამ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში დაცული იქნება ყველაფერი, რაც თავდაცვის საკითხებს ეხება, ტერიტორიის ნაწილი ამ მიმართულებით გამოიყოფა აეროპორტში და განლაგება არ იცვლება. ყველაფერი იგივე პირობებით რჩება", – განაცხადა მან.

ოზგანის თქმით, "რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ისტორიული, არამედ ეკონომიკური მოვლენაა... ობიექტის გახსნა გააფართოვებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს ტურისტებისთვის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას, შეამცირებს დატვირთვას "ფსოუს" სასაზღვრო გადასასვლელზე, ხელს შეუწყობს ტურისტული და სატრანსპორტო კომპლექსის განვითარებას, ასევე გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას".

ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა დასძინა, რომ უახლოეს თვენახევარში ინვესტორთან სახელმწიფო - კერძო პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება მომზადდება.

მისივე თქმით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა 2025 წლისთვის იგეგმება. "მოდერნიზებული აეროპორტი საათში 400-მდე , წელიწადში კი სამ მილიონზე მეტი მგზავრის მიღებას შეძლებს", - ამბობს ოზგანი.


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა  და მოსკოვმა 16 ივნისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაბუშერას აეროპორტის აღდგენისა და მისი შემდგომი ექსპლუატაციის საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ.

Print