ახალი ამბები
მულახში სვანური კომპლექსის რეაბილიტაციაა დაგეგმილი
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მესტიაში, მულხაის თემის სოფელ ცალდიშში ნავერიანების საგვარეულო სვანურ კომპლექსს რეაბილიტაციას ჩაუტარებს. 543 511 ლარის ღირებულების ტენდერი უწყებამ უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპლექსში შემავალი კოშკისა და მაჩუბის მდგომარეობა ცუდია.

„კოშკის კედლები მასიურია, აშენებულია დიდი ზომის ლოდებით, სართულშუა კამარები შენარჩუნებულია, კედლებზე გაჩენილია ვერტიკალური ბზარები, გადახურვა დაზიანებულია. მაჩუბის კედლები სავალალო მდგომარეობაშია, შეინიშნება სხვადასხვა პერიოდის მიშენებები, არ გააჩნია სართულშუა და სახურავის გადახურვა. ნაგებობას ეტყობა ხანძრის კვალიც რის გამოც გაჩენილია ღრმა ბზარები კედლებში, გახეთქილია არქიტრავის ქვები.
2023 წელს შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე გათვალისწინებულია კომპლექსში შემავალი კოშკისა და მაჩუბის რეაბილიტაცია“, - ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.

ამავე ინფორმაციით, კოშკსა და მაჩუბზე ჩასატარებელი სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 14 თვეში უნდა დასრულდეს.


წინანადედებების მიღება ტენდერში 2-დან 7 ივლისის ჩათვლითაა შესაძლებელი.

Print