ახალი ამბები
სოხუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერი შევიდა
სოხუმის ნავსადგურში რუსული საკრუიზო ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი" შევიდა. საცდელი რეისი გემმა უკვე მეორედ შეასრულა, წერს "აფსნიპრესი" .

ამავე ინფორმაციით, კომპანია "აფხაზეთის საზღვაო გადაზიდვების" გენერალურმა დირექტორმა დაურ არძინბამ განაცხადა, რომ ლაინერზე 54 მგზავრია, სხვადასხვა რუსული ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც საექსკურსიო მარშრუტებს შეისწავლის. 96 ადამიანი კი ეკიპაჟის წევრია. 

ამავე ცნობით, ლაინერი სოჭიდან ტურისტებს აფხაზეთში 29 ივნისს ჩაიყვანს, სადაც სამი დღე გაჩერდება. სულ, ზაფხულის პერიოდში,11 სექტემბრის ჩათვლით, 11 რეისია დაგეგმილი "სოჭი - სოხუმი - სოჭის" მიმართულებით.  არძინბამ აღნიშნა, რომ "კნიაზ ვლადიმირი" ამჟამად ერთადერთი სამგზავრო გემია, რომელიც სოხუმის საზღვაო პორტში შემოდის.

საცდელი რეისი სოხუმის ნავსადგურში რუსულმა საკრუიზო ლაინერმა, მგზავრების გარეშე, 2019 წლის დეკემბერშიც შეასრულა, რისთვისაც პორტის მთავარ ნავმისადგომთან ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ჩატარდა.

ამავე ცნობით, შესაბამის შეთანხმებას სოხუმმა და კომპანია "შავი ზღვის კრუიზებმა" 2018 წელს მიაღწიეს.

გამოცემის თანახმად, "კნიაზ ვლადიმირი" არის რუსული კომპანია "შავი ზღვის კრუიზების" ცხრა გემბანიანი საკრუიზო გემი, რომელიც ახორციელებს ტრანსპორტირებას მარშრუტზე: სოჭი - ნოვოროსიისკი - იალტა - სევასტოპოლი - სოჭი.

2017 წლიდან გემი ოპერირებს რუსეთის დროშის ქვეშ.

Print