ახალი ამბები
ენგურზე და ფსოუზე კონტროლს გააძლიერებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს" მდინარე ენგურზე და ფსოუს ე.წ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტებზე კონტროლის გაძლიერება და ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაცვა დაევალა.

"თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა, იყოს მუდმივი კონტაქტზე აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 სამხედრო ბაზისა და რუსეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებთან", -  წერს "აფსნიპრესი".

გადაწყვეტილება თათბირზე მიიღეს, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას დავალებით, "ვიცე-პრეზიდენტმა" ბადრა გუნბამ გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, "რუსეთის ფედერაციაში შექმნილ გარემოებებთან დაკავშირებით".

გუნბამ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის ფედერაციაში ვითარება კანონის შესაბამისად მოგვარდება.

სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე ინციდენტი არ დაფიქსირებულა.

საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ არსებული მონაცემებით, ვაგნერელებს შორის აფხაზები არ არიან.

დღესვე, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ შეიარაღებულ ამბოხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.  მისი თქმით, სოხუმი ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს მოსკოვის წინაშე აღებული სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებას.

"მოვუწოდებ აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, მათ შორის სპეცოპერაციის ზონაში მყოფებს, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში", - ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.

23 ივნისის საღამოს, "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან "სამართლიანობის მარში" უწოდა, წერს "რადიო თავისუფლება".

24 ივნისის დილისთვის "ვაგნერის" მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს "ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები". რეგიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეხმით ბრძოლის ხმები.


Print