ახალი ამბები
შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ განახორციელდება - გარემოს ეროვნული სააგენტო
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს, - ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.

ამავე ცნობით, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

„აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  


სააგენტოს განცხადებით, მიღებული შედეგები საზოგადოებას ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე ეცნობება.



Print